
გრიგოლ კარბელაშვილი
გრიგოლ კარბელაშვილის დიდი ძალისხმევით, 1860 წლიდან ქართული გალობა აღორძინდა. 1861-1863 წლებში წმინდა ნინოს ბოდბის მონასტერში ასწავლიდა გალობას სიღნაღის მაზრის დიაკვნებს და ყველას, ვისაც გალობის შესწავლის სურვილი ჰქონდა, 1864-1872 წლებში ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში.
1872-1882 წლებში გალობის შესწავლა შეჩერებული იყო, (“რაც ბერიკაცი გრიგოლ კარბელაშვილი არ არის, ქართული გალობაც გაქრაო”), ვიდრე მისმა შვილებმა – პოლიევქტოსმა და ვასილმა, ამ საქმეს ხელი არ მოკიდეს. გრიგოლმა თავის შვილებს მრავალი საგალობელი შეასწავლა, რომელიც შემდეგში ცნობილ იქნა, როგორც “კარბელაანთ კილო”. მგალობელი.
ფილიმონი

ძმათაგან უფროსი, ფილიმონი, გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობის ნიმუშად მიიჩნეოდა. მისი სიტყვის მოსასმენად სამთავისის ტაძარში ქართლ-კახეთის შორეული სოფლებიდან მოდიოდა მრევლი. წმინდა ილია მართლმა მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“ მოძღვრის სახედ სწორედ მამა ფილიმონი აღწერა.
თავისივე სკოლაში გახსნილი მოღვაწეობის გარდა, მამა ფილიმონი გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი საბუთების შეგროვებითა და შესწავლით. ამილახვრების ოჯახში დაცული უძველესი საეკლესიო თუ საისტორიო დოკუმენტი მისი გადარჩენილია. წმინდა მღვდელმთავრები, ალექსანდრე და გაბრიელი, მამა ფილიმონს მოიაზრებდნენ საქართველოს ეკლესიაში ეროვნული მიმართულების საიმედო დამცველად.

ანდრია
დეკანოზი ანდრია ბავშობიდანვე წმინდა ცხოვრებითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. იგი დროს ძირითადად მამასთან ატარებდა, ეხმარებოდა მას ღვთისმსახურებაში და სამღვდელო მოღვაწეობაც მამის ადგილზე გააგრძელა. იგი მოწამეობრივ აღსასრულამდე სოფელ მუხრანსა და ჭალაში მოღვაწეობდა.
პოლიექვთოსი
მომდევნო ძმა, პოლიევქტოსი, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს წარსულისადმი, ნებისმიერ საბუთს, წიგნსა თუ ნივთს რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. ადრეული ასაკიდან დაეუფლა საეკლესიო გალობას, კალიგრაფიასა და მწიგნობრობას. მისი წყალობით არაერთი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი შემოგვენახა.


ვასილი
შემდგომმა ძმამ, ვასილმა, გალობის უსწრაფესად დასწავლითა და ულამაზესი ხმით გაითქვა სახელი. ჯერ კიდევ ექვსი წლის ყოფილა, როდესაც უფროს ძმებთან ერთად სამი წირვის წესს ზეპირად გალობდა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს და სიმღერა-გალობის გავრცელება სემინარიელი მეგობრების წრიდან დაიწყეს. 1879 წლიდან ვასილი სემინარიაში სწავლის თანადროულად თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.
პეტრე
მათაგან უმრწმესი, პეტრე, განთქმული იყო საღვთისმსახურო წიგნების ცოდნით. იგი ადრეული ასაკიდან სანაქებო მედავითნე და ტიპიკონის საუკეთესო მცოდნე იყო, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მამასა და ძმებს გალობის გავრცელებაში.

1879 წლის 12 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი, რაც ოჯახისთვის მეტად დიდი დანაკლისი იყო. ამ განსაცდელმა დეკანოზ გრიგოლსაც მოუსწრაფა სიცოცხლე და ზუსტად ნახევარი წლის შემდგომ, 1880 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. ძმებისთვის კი მამისა და უფროსი ძმის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო.
ძმების შემდგომი მოღვაწეობა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) უშუალო მეთვალყურეობითა და ზრუნვით წარიმართა. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში გაემგზავრა სამუსიკო ხელოვნების დასაუფლებლად. მისი დაბრუნებისთანავე ანდრია, პოლიევქტოსი და ვასილი XIX ს-ის 80-იანი წლების შუა ხნებიდან, თითქმის თანადროულად იწყებენ სამღვდელო მოღვაწეობას.
