
ღვთისა და ერის საპატიო მსახურებას საფუძველი პეტრე კარბელაშვილმა ჩაუყარა. იგი მთელი სიცოცხლე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა დედაეკლესიას. წლების განმავლობაში გალობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) გუნდში. მან მისცა მაგალითი შვილებსა და შვილიშვილებს უანგარო მსახურებისა.
პეტრეს ვაჟმა გრიგოლმა მამის საქმე გააგრძელა. იგი სოფელ ჭალაში, თავად ამილახვრების კარის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც საკუთარი ხარჯით ინახავდა და ასწავლიდა სამღვდელოდ გამზადებულ ახალგაზრდებს. XIX ს-ის 60-იან წლებში დეკანოზი გრიგოლი ერთადერთი სრული მცოდნე იყო აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოებისა. იგი ჯერ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ გალობს, მოგვიანებით კი – თბილისის სასულიერო სემინარიაში.
დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილის ხუთივე ვაჟმა – ფილიმონმა, ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ სასულიერო გზა აირჩია.
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
მღვდლები პოლიევქტოსი და ვასილი სისტემატურად აქვეყნებდნენ სტატიებს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. მათი ნაშრომები არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ საეკლესიო ისტორიით. ისინი ვრცლად მოუთხრობდნენ მკითხველს ეთნოგრაფიაზე, მეფეთა და დიდებულთა მოღვაწეობაზე, ქართულ გალობაზე, საქართველოს ეკლესიის საგანძურის განიავებასა და ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმების სავალალო შედეგებზე.
ძმების დაუღალავი შრომის შედეგად გადარჩა უძველესი ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები (დავით გარეჯისა, წმინდა იოანე ნათლისმცელისა და შიომღვიმის ბიბლიოთეკები), სიწმიდეები, ხატები. მათ შეკრიბეს, გადაწერეს და საკუთარი ხარჯით გამოსცეს მრავალი (100-ზე მეტი) ნიმუში ძველი ქართული მწერლობისა, რომელთა ხელნაწერების ნაწილიც დღეს აღარაა შემორჩენილი.
ასევე გამოიცა მონოგრაფიები საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებსა და მღვდელმთავრებზე. ძმებმა გადაარჩინეს და აღადგინეს არაერთი მიტოვებული და დაქცეული ეკლესია-მონასტერი.
განსაკუთრებით დიდია მათი ღვაწლი ქართული გალობის გადარჩენის საქმეში. სწორედ ძმებმა კარბელაშვილებმა შემოგვინახეს გაქრობისათვის განწირული საგალობლები აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციისა. მათ მიერ ათეულობით მნიშვნელოვანი გამოცემათა შორის აღსანიშნავია ქართული საეკლესიო გალობის სამი ტომი. მათ ხელნაწერ და დასტამბულ კრებულებში დაფიქსირებულია 2000-ზე მეტი უნიკალური საგალობელი.

ძმები კარბელაშვილები ეპისკოპოსთა – კირიონისა და ლეონიდეს ერთგული თანამებრძოლები იყვნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მათი ავტორიტეტი და საეკლესიო საბუთების ზედმიწევნით ცოდნა არაერთხელ გამოსდგომიათ რუსეთის სინოდის წინაშე საქართველოს ეკლესიის უფლებებისთვის მებრძოლ მოღვაწეებს.
( სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II )
დევნილობა
ძმები კარბელაშვილების აქტიური მოღვაწეობა ძლიერ აღიზიანებდა რუს ბიუროკრატებს. მათ მრავალი ცილისწამებითა შეძლეს ძმების თბილისიდან განდევნა. 1903 წელს მღვდელი ვასილი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში, ქ. შემახას სამრევლოში გადაიყვანეს, ხოლო 1908 წელს ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, მამა პოლიევქტოსი, სოფელ მარტყოფში მიავლინეს.
გადასახლებაში მყოფ ვასილ კარბელაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს. მამა ვასილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ქართველი საერო და სასულიერო პირების დაჟინებული მოთხოვნით დაჭრილი მოძღვარი სამშობლოში დააბრუნეს.
1921 წელს ყველაფერი, რასაც კარბელაშვილებმა მთელი სიცოცხლე შეალიეს, საფრთხის წინაშე დადგა. დაიკეტა ეკლესია-მონასტრები. სკოლებიდან განიდევნა სასულიერო განათლება. სამღვდელოება კანონგარეშედ გამოცხადდა. საეკლესიო ქონება სახელმწიფომ ძალადობით მიიტაცა. ამ დროშიც კი ძმები კარბელაშვილები საკუთარი სიცოცხლის ფასად ახერხებდნენ, გადაერჩინათ უამრავი ფასეული რამ.
შემორჩენილია მამა ვასილის წერილი სტალინისადმი, სადაც იგი დაუფარავად ამხელს და საყვედურობს მის ნამოწაფარს საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. წერილი 1923 წლის 2 მაისით თარიღდება:
“დიდად პატივცემულო ბ. სოსო!
გაგიკვირდება ძველის მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელსაც უნდა მოგაგონოს – რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებონოს, რაც იქნება. მოიგონე სულ ბოლოს რომ შეგხვდი „არწრუნისეულ“ ქარვასლის აივანში, სემინარიიდან რომ გახვედი და, მგონი დარწმუნდი, რომ მე მართალი ვიყავ და ვარ, ვგონებ რომ მომავალშიც.
ეს გითხარი და გეტყვი, – „ვაი იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს“, განათლებას და შეგნებას გაურბის და ქრისტეს მოძღვრებასაც ანგარიშს არ უწვეს. ყველლაზედ უკეთესი გადატრიალება და ნაყოფიერი მოხდა ინგლისში 1850 წ. ქრისტიან-სოციალისტების (5 და 15 კაც.) მეოხებით, იმიტომ რომ რელიგიურ მოთხოვნილებას ანგარიშ გაუწიეს და იმით შეაჩერეს ნაძრალევის აღზრზენა.”
( ნაწყვერი ვასილ კარბელაშვილის წერილიდან, იოსებ ჯუღაშვილის მიმართ )

მოწამის გვირგვინი
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდგომ რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები. საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი მხოლოდ იმიტომ დახვრიტა, რომ ღვთისმსახურები იყვნენ და არ უღალატეს ქრისტეს სარწმუნოებას, უარი თქვეს ანაფორის გახდაზე და უმძიმეს დროს არ მიატოვეს თავისი სამწყსო.

1924 წლის 6 სექტემბერს მოძღვრები სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ოცდაოთხ პატრიოტთან ერთად ტირიფონას ველზე, მდინარე ტორტლის ნაპირებთან გამოასალმეს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ მამა ანდრია არ დაუპატიმრებიათ, მან არ მიატოვა სულიერი შვილები, ხორციელი ძმა და თავისი ნებით შეუერთდა დასახვრეტად გაყვანილ ადამიანთა ჯგუფს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოწამეთა ნატანჯი სხეულები ერთობლივ საფლავში დაკრძალა.
აღმსარებლობა
1924 წლის აგვისტოს რეპრესიებს სასწაულებრივად გადარჩენილი დეკანოზები პოლიევქტოსი და ვასილი აგრძელებენ საღვთო მსახურებას. 1925 წელს უფალმა სამღვდელმთავრო ასპარეზზე გამოირჩია მამა ვასილი, რომელიც სტეფანეს სახელით ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა წმინდა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია).

მიუხედავად ათასგვარი დაშინებისა და დევნისა, მათი შვილების მომავლისა და სიცოცხლის ხელყოფისა, ისინი ვერ გატეხეს. სასულიერო წოდების გამო, ძმები ვერ ახერხებდნენ თავიანთი ნაშრომების გამოცემას. ეპისკოპოს სტეფანეს არქივში შემორჩენილია არაერთი უშედეგო თხოვნა მის მიერ შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული საგალობლების დასტამბვაზე. ძმის მსგავსად განიცდიდა დეკანოზი პოლიევქტოსი მის მიერ მოპოვებული აუარებელი ისტორიული მასალის გამოუქვეყნებლობას.
ძმებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტიათ ღვთის დიდება და სამშობლოს მომავლისათვის ზრუნვა. 1936 წლის აპრილში ჯერ ეპისკოპოსი სტეფანე გარდაიცვალა, ხოლო იმავე წლის მიწურულს პოლიევქტოსმაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
